ალბათ ყველას გაგიგიათ რომ ოქროს სამკაული სხვადასხვა სინჯის არსებობს, მაგრამ ბევრმა არ იცის რას ნიშნავს და როგორ განისაზღვრება ის. დავიწყოთ იქიდან რომ ყველა სამკაული არის ოქროს შენადნობი და არა მხოლოდ ოქრო. ვინაიდან ის საკმაოდ რბილი მეტალია და ადვილად ზიანდება. ამიტომ მას სხვა მეტალებსაც ურევენ (ძირითადად ვერცხლს და სპილენძს), სიმაგრე და სხვადასხვა ელფერი რომ მიანიჭონ. რაც შეეხება სინჯს (ე.წ. „პრობს“) – მსოფლიოში ძირითადად გამოიყენება მეტრული ან კარატული (ქვის წონის ერთეული კარატი სხვა სიდიდეა) სინჯის განმსაზღვრელი სისტემა. მეტრულ სისტემაში, აბსოლუტურად სუფთა 100% ოქროს სიდიდედ აღებულია 1000. თუ ნაკეთობა არის 585 სინჯის – ესნიშნავს რომ მასში 585 წილი არის სუფთა ოქრო და დანარჩენი 415 წილი -სხვა მეტალები (ვერცხლი, სპილენძი, პალადიუმი და ა.შ). ანუ 58,5% ოქრო და 41,5% სხვა მეტალები, ანუ ლიგატურა. შესაბამისად 750 სინჯში – 75% ოქრო და 25% ლიგატურა. 958 სინჯში – 95,8% ოქრო და 4,2% ლიგატურა და ა.შ. რაც შეეხება კარატულ სისტემას – პრინციპი იგივეა, მხოლოდ სუფთა 100% ოქროს განმსაზღვრელ სიდიდედ აღებულია 24 კარატი. მარტივი არითმეტიკული გადათვლით ჩანს რომ მაგ. 18 კარატი შეესაბამება 750 სინჯს (ე.ი. 75% ოქრო), 14 კარატი კი 583/585 სინჯს (უფრო ზუსტად 583,3333) და ა.შ.
ოქროს სინჯის სისტემები
მეტრული სისტემა | 999 | 958 | 750 | 585 | 583 | 500 | 375 |
კარატული სისტემა | 24 | 23 | 18 | 14 | 14 | 12 | 9 |
სუფთა ოქროს წილი | 99.9% | 95.8% | 75% | 58.5% | 58.3% | 50% | 37.5% |