დედამიწის წიაღში ბევრი იშვიათი და ძვირფასი ქვა მოიპოვება, რომლებიც ჩვენს სამკაულს ამშვენებს, მაგრამ მათ შორის უპირობო ლიდერი მაინც ალმასი არის. დაწახნაგებულ ალმასს (მრგვალ 57 წახნაგად დამუშავებულ ალმასს „ბრილიანტი“ ეწოდება) განუმეორებელი ელვარება, ციალი და სიმაგრე გააჩნია. მის მაღალ ფასს, გარდა ამ თვისებებისა, მისი იშვიათობა და მოპოვების სირთულე განსაზღვრავს. არსებობს ეკონომიკური ფაქტორიც – ტრანს ნაციონალური კომპანია „დე ბირსის“ როლი, რომელიც თითქმის 100 წელია უკვე მსოფლიო მონოპოლისტი და ალმასის ნედლეულის ფასის განმსაზღვრელად გვევლინება.
რაც შეეხება ბრილიანტის შეფასებას! მხოლოდ და მხოლოდ 4 პარამეტრი განსაზღვრავს მის ფასს (ეს პრინციპი არ ეხება ფანტაზიური ფერის ალმასებს). ეს პარამეტრებია: წონა (carat), სისუფთავე (clarity), ფერი (color) და დამუშავების ხარისხი (cut). აი ამ 4C პარამეტრით დგინდება ბრილიანტის ფასი.
სხვადასხვა მოარული აზრი, რომ რუსული ბრილიანტი კარგია და დავუშვათ აფრიკული არ ვარგა – არის სრული აბსურდი. ყველა საბადოზე მოიპოვება მაღალი და დაბალი ხარისხის ნედლეული და ყველა კატეგორიას თავისი ფასი აქვს. გარდა ამისა, თქვენ შეიძლება მოსკოვში შეიძინოთ ბრილიანტი, რომელიც მაგალითად სამხრეთ აფრიკაშია მოპოვებული და კეიპტაუნში კი პირიქით. ასე რომ დანარჩენი ყველა ისტორიები, რომლებსაც გასაყიდ ბრილიანტს „გარნირად“ აყოლებენ ხოლმე – მხოლოდ მომხმარებლის გასაბრუებლად გამოიყენება!
საიუველირო ნაწარმი