ბერილის დიდი ოჯახი

     ბერილი ალბათ ყველას გაუგია, მაგრამ უმეტესობამ შეიძლება არ იცოდეს, რომ ეს კეთილშობილი მინერალი ბევრ ძვირფას ქვას აერთიანებს.

    ვისაც ქიმია უყვარს – ბერილი სილიკატების ჯგუფის მინერალია და მისი ფორმულა ასე შთამბეჭდავად გამოიყურება:  Al2[Be3(Si6O18)].

    სუფთა ბერილი უფერო მინერალია, მაგრამ ბუნებაში მას ხშირად ახლავს მინარევები (ე.წ. აქცესორები). მაგალითად რკინის Fe მინარევი მოცისფრო, მომწვანო, ან მოყვითალო ელფერს აძლევს. მანგანუმი Mn – წითელს ან ვარდისფერს, ქრომი Cr კი –  მწვანეს.

   ზუსტად ამ მინარევების წყალობით ბუნება გვჩუქნის ისეთ მშვენიერ, განუმეორებელ ძვირფას ქვებს, როგორებიც არის: ზურმუხტი (მწვანე), აქვამარინი (ცისფერი), მორგანიტი (ვარდისფერი), ბიგსბიტი (წითელი), ჰელიოდორი (ყვითელი). 

     ამ ჩამონათვალში მოხვედრილი ძვირფსი ქვების უმეტესი ნაწილი საკმაოდ ეგზოტიკური და იშვიათია, რასაც ვერ ვიტყვით ზურმუხტსა და აქვამარინზე. ეს ულამაზესი ქვები უამრავ უძვირფასეს, იშვიათ და ისტორიულ სამკაულს ამშვენებენ.

      ბრილიანტების შეფასების შესახებ სტატიაში, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ მის ღირებულებაზე არ მოქმედებს ადგილწარმოშობა. რასაც ვერ ვიტყვით ფერად ძვირფას ქვებზე. მაგალითად ზურმუხტი მოიპოვება კოლუმბიაში, ბრაზილიაში, ავღანეთში, აფრიკაში, რუსეთში ურალზე თუ არ ვცდები ამოწურულია.  ყველა საბადოზე მოპოვებულ ზურმუხტს თავისი ელფერი, ფორმა და განუმეორებელი თვისებები გააჩნია. კოლუმბიურს მოლურჯო-მომწვანო ფერი აქვს, ავღანურს – სუფთა ღრმა მწვანე და ა.შ.