თამარის ჯვარი

   ეს ჯვარი ქართული საიუველირო ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ. ის შემკულია ხუთი ბრტყელი ლალით, ოთხი დაწახნაგებული ზურმუხტით და ექვსი მარგალიტით. ჯვრის უკანა პირზე სევადით გამოყვანილი ასომთავრული წარწერაა, რომელიც გვამცნობს, რომ მისი მფლობელი მეფეთ-მეფე თამარი იყო. ,,ძელო ჭეშმარიტო, ძელო ჯვარისაო, შენითა წინაძღომითა ყოველთავე შემწე და მფარველ ექმენ მეფესა და დედოფალსა თამარს”.  სიცოცხლეში თამარ მეფე ამ ჯვარს არ იშორებდა.

    X-XIII საუკუნეები ერთიანი საქართველოს მეცნიერების ,კულტურის და ხელოვნების რენესანსის პერიოდად ითვლება. ამ დროის ქართული ეკლესიების კედლებზე შემონახული ფრესკული მხატვრობა ადასტურებს სამკაულის წარმოების აღმავლობას, მაგრამ თვით სამკაულის ნიმუშები სამწუხაროდ საკმაოდ მცირე რაოდენობით შემოგვრჩა.

   თამარის გარდაცვალების შემდეგ ჯვარს დაუმზადეს ტიხრული მინანქრით შემკული სპეციალური ყუთი – სტავროთეკა, და როგორც ქართველი ხალხის ერთ-ერთი უწმინდესი სალოცავი, დასაცავად გადასცეს გელათის მონასტერს სადაც 1921 წლამდე ინახებოდა, სანამ სხვა სამუზეუმო ფასეულობასთან ერთად არ გაიტანეს საფრანგეთში. 1945 წელს, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის მეოხებით, განძი საქართველოს დაუბრუნდა.