ვანის საგანძური

     საქართველო საიუველირო ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი კერაა. იგი სამართლიანად ითვლება ლითონის დამუშავების ერთ-ერთ უძველეს სამშობლოდ მსოფლიოში. არქეოლოგიური მასალები მოწმობენ, რომ აქ ადამიანები სპილენძს პირველად ჯერ კიდევ ძვ.წ. III ათასწლეულში ამუშავებდნენ და საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ტომებმა უკვე იცოდნენ ბრინჯაოს დამზადება. იმ დროიდანვე ეუფლებიან ისინი სხვა ლითონებსაც: ტყვიას, ვერცხლსა და ოქროს.

    განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სამკაული აღმოჩნდა ვანის ნაქალაქარში 1969წელს. ქალის სამკაულის რამდენიმე სრული კომპლექტი, რომლებიც შეიცავს ჭედური ორნამენტით შემკულ თავისებურ დიადემებს, სხვადასხვა ფორმის საყურეებსა და სასაფეთქლე საკიდებს, ყელსაბამებსა და სამაჯურებს.

    ვანის ნაქალაქარის სამარხები ყველა საფუძველს გვაძლევს იმისათვის, რომ (ძვ.წ. V-IV საუკუნეები),  ძველ ვანში არსებობდა პროფესიონალ ხელოსანთა მძლავრი სკოლა, რომელიც ურთულესი ტექნიკური ხერხების (კვერვა, რჩილვა, ჭედვა, გავარსი, ტვიფრვა) გამოყენებით საუკუნეების მანძილზე ქმნიდა მხატვრული ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშებს.

    საინტერესოა  ვანში აღმოჩენილი ოქროს გავარსიანი ნივთები, რომლებიც ადგილობრივი ნახელავია. 0,1-0,2მმ დიამეტრის მქონე ოქროს ბურთულები დიდი სიზუსტით არის ჩამოსხმული და დარჩილული ნივთების ზედაპირზე. შუქ-ჩრდილის უნატიფესი თამაში ისეთ ნივთებზე, როგორიცაა, მაგ.: კუს გამოსახულებით შემკული ყელსაბამი ნამდვილი ფერადოვნების ეფექტს იძლევა. მხატვრული თვალსაზრისით გავარსი პოლიქრომიის შემცვლელია და  აცოცხლებს და ასხივოსნებს ოქროს ზედაპირს.

წყარო: http://saunje.ge/index.php?id=585&option=com_content&Itemid=15&lang=en

http://www.dzeglebi.ge/statiebi/xelovneba/qartuli_saiuveliro_xelovneba.html